ქვეყანაში უამინდობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპერატიული თათბირი ჩაატარა, ხოლო თათბირის შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა.
პრემიერმინისტრი თვის ბოლოს კრიზისული ისტუაციების მართვის სამთავრობო ცენტრის შექმნას აანონსებს და აცხადებს, რომ მანამდე შეიქმნება დროებითი შტაბი, რომელიც უამინდობის, დიდთოვლობის გამოწვევებს უპასუხებს.
„საქართველოში დღემდე არ არსებობდა ე.წ. კრიზისების მართვის ცენტრი. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ასეთი ცენტრი შეიქმნება უახლოეს დღეებში. კერძოდ, შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ამაში აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები და მე იმედი მაქვს, რომ თვის ბოლოს საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, შეიქმნება ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრი.
მანამდე მე მსურდა, რომ ოპერატიული თათბირი ჩამეტარებინა, შევქმნათ დროებითი შტაბი, რათა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც უამინდობამ შექმნა.
რაც შეეხება ზოგად სიტუაციას საქართველოში, ასეთი დიდთოვლიანობა არავის არ ახსოვს აჭარაში ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველად ასეთი დიდი თოვლი მოვიდა 1985 წელს. იცით, რომ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. მათი აღდგენა ოპერატიულად მიმდინარეობს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ენერგეტიკის მინისტრისგან, რომ აღდგენითი სამუშაოები დასრულდება დაახლოებით 10 დღეში.
ასევე, სიტუაციის გაცნობის მიზნით, ჩემი დავალებით, ადგილზე ჩასული იყვნენ რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი და მისი მოადგილე. თავად ენერგეტიკის მინისტრი ერთი კვირის განმავლობაში უშუალოდ იმყოფებოდა ადგილზე და პირადად იყო ჩართული აღდგენით სამუშაოებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრმა თხოვნით მედიასაშუალებებსაც მიმართა. მან მედიას სთხოვა, მაქსიმალურად ობიექტურად გააშუქონ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაცია და ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში:
„აქვე მინდა, თხოვნით მივმართო მედიასაშუალებებს, რომ მაქსიმალურად ობიექტურად გააშუქონ ყველა ის ინფორმაცია, რომლებიც მომდინარეობს მთავრობის პრესსამსახურიდან და არ შეიყვანოს ამა თუ იმ მედიასაშუალებამ შეცდომაში მოსახლეობა.
ის, რომ სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება, ფაქტია. ამის პრევენცია და თავიდან აცილება, უბრალოდ, შეუძლებელია, ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში და ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ მომხდარზე მოახდინოს ადეკვატური რეაგირება“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






