გუშინ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომამ, სადაც თვითმმართველობის არჩევნების საკითხს განიხილავდნენ, პარტიის გენერალური მდივნის გარეშე ჩაიარა. ამ ფაქტმა მედიასა და საზოგადოებაში დამატებითი კითვხები გამოიწვია - რატომ დისტანცირდება კახა კალაძე მმართველი პარტიისგან და აქამდე რატომ არ არის გამოკვეთილი, იყრის თუ არა ხელმეორედ კენჭს დედაქალაქის მერობაზე?
როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, კალაძე პოლიტსაბჭოს სხდომას ტექნიკური მიზეზების გამო არ დაესწრო, თუმცა, კობახიძის პასუხიც, ამ შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვნად ჟღერს:
"მას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, თუ აქვს სურვილი განმარტავს, მაგრამ მიზეზი იყო მთლიანად ტექნიკური" - ამბობს კობახიძე.
რაც შეეხება მერობის კანდიდატურას, ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ კალაძე საუკეთესო მერია და მმართველი გუნდის სურვილია, მან ხელმეორედაც იყაროს კენჭი თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც კალაძის მისაღებია:
"კახი კალაძე არის საუკეთესო მერი. რაც შეეხება მის კანდიდატობას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მის პოზიციაზეა დამოკიდებული" - აღნიშნავს კობახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






