დმანისში მოსახლეობას შორის დაპირისპირების გამო რეგიონში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა. როგორც მან მედიასთან გააკეთა კომენტარი, უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ დაპირისპირება ეთნიკურ კონფლიქტში არ გადაიზარდოს:
"ცუდი სიტუაცია იყო გეთანხმებით, რა თქმა უნდა, სწრაფად შეიქმნა ქაოსური სიტუაცია. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი, რაც იყო, 150-200 კაცამდე იყო, რეალურად თუ არის 20 კაცი სხვა მშვიდობიან დროს ბოლნისში გაათმაგებული იყო, სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა, განიმუხტა ამის შემდეგ. ყველა დაისჯება ვინც დაარღვია კანონი, სრული სიმკაცრით.
ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები არიან პირველ რიგში, მეორე, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეზობელია და ჩვენი მეგობრები არიან. ქვეყნის მტრობაა ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა, და ეს უნდა გაღვივდეს და გამწვავდეს, ამას არ დავუშვებთ", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, დღევანდელი დაპირისპირება გუშინდელი ინციდენტის გაგრძელებაა. გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ცნობილი ხდება, გუშინდელი ანგარიშსწორება ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქციის ვალადა გაცემაზე უარს მოჰყვა. ინციდენტის გამო ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს, დღეს კი ადგილობრივ სვანებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.
მასალის გამოყენების პირობები






