ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს, დამკვირვებლის როლიდან გამოვიდეს და ძალადობა აღკვთოს. მისი შეფასებით, ეს ვითარება ივანიშვილის რეჟიმის შედეგია:
"პირველ რიგში, უნდა მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ხელმძღვანელობას, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან. მათი ფუნქცია არის ძალადობის აღკვეთა სწრაფად. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ რეაგირებდნენ ისინი როდესაც ეს ეხებოდა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ინტერესებს, როცა შეშის შეტანის გამო აქციაზე იღებდნენ უმკაცრეს ზომებს, იყო მობილიზებული პოლიცია და აკავებდნენ ადამიანებს სწრაფად. ახლა კი ვხედავთ საათების განმავლობაში ძალადობას, რომლის აღკვეთასაც ვერ ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა, არ აძლევს შესაბამის დავალებას პოლიციელებს.
ეს ვითარება არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის. ეს არის შედეგი ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამოყენებისა პოლიტიკური ამოცანებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ეწევა ივანიშვილის რეჟიმი და ეს არის შედეგი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების და ძალადობის გამოყენებისა საარჩევნო ამოცანებისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამ რეგიონში იყო ფართოდ გამოყენებული წლების განმავლობაში", - აცხადებს ბოკერია.
შეგახსენებთ, დღევანდელი დაპირისპირება გუშინდელი ინციდენტის გაგრძელებაა. გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ცნობილი ხდება, გუშინდელი ანგარიშსწორება ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქციის ვალადა გაცემაზე უარს მოჰყვა. ინციდენტის გამო ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს, დღეს კი ადგილობრივ სვანებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.
მასალის გამოყენების პირობები






