პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებითი დოზების შესყიდვასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაფხულში "ფაიზერის" მილიონამდე დოზა შემოვა ქვეყანაში.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს თვეებში შემოვა კიდევ "სინოფარმისა" და "სინოვაკის" დამატებითი ვაქცინები:
"ვაქცინების თაობაზე საკმაოდ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღება ვაქცინების, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში დეტალური ინფორმაციით წარვდგებით საზოგადოების წინაშე.
უფრო კონკრეტულად, საუბარია ფაიზერის დამატებით ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნისი-ივლისის თვეში დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ჩართული ვიყავი, ფაიზერის პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი.
გვაქვს მოლაპარაკება ჩინური სინოფარმის და სინოვაკის ქარხნებთან უშუალოდ დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით, ასევე მოდერნასთან და ნოვავაქსის ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე რომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულებები და უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ. არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






