არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" [ISFED] ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევი და დაუსაბუთებელია:
"ცესკოში 2021 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 5-მარტიდან - 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება" - ნათქვამია განცხადებაში.
,,სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ფაქტორებისა და დროის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია ცესკოს აპარატის სტრუქტურული ცვლილებები და ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ.
"აღსანიაშნავია ის გარემოება, რომ 2021 წლის 19 აპრილს, ხელი მოეწერა ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის. შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ პუნქტს წარმოადგენს საარჩევნო რეფორმა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის ახლებურ დაკომპლექტებას ეხება. ამ პროცესს წინ უძღოდა, 2021 წლის თებერვლის დასაწყისში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად შეიქმნა. მიმდინარე რეფორმის ფარგლებშიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საკითხს, რაც, დღეს არსებული 12 წევრიანი კომისიის ნაცვლად, გულისხმობს 17 წევრისგან შემდგარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირებას - საიდანაც პროფესიული ნიშნით შერჩეულ 8 წევრს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტი აირჩევს, ხოლო 9 წევრს პოლიტიკური პარტიები დანიშნავენ.
დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისია არასრული შემადგენლობით საქმიანობს, კერძოდ, კომისიის 12 წევრის ნაცვლად, წარმოდგენილია მხოლოდ 9 წევრი, მათგან 6 პროფესიული ნიშნით, ხოლო 3 ქართული ოცნების მიერ დანიშნული. კომისიაში არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამასთან, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ცესკოს ახლებურ დაკომპლექტებასა და გარკვეული საკითხების სხვაგვარად მოწესრიგებას ისახავს მიზნად, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და პილოტირება, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და სხვა. ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ საარჩევნო რეფორმის კვალდაკვალ, საარჩევნო ადმინისტრაციაში უფრო ფართო სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების საჭიროება გაჩნდეს. გარდა ამისა, რეფორმის დასრულებამდე, ცესკოს არასრული შემადგენლობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მოკლებული იქნება მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, საზოგადოების ნდობას, მით უფრო, ოპოზიცური პარტიების მიერ დანიშნული წევრების არასებობის პირობებში.
,,სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორებისა და დროის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია ცესკოს აპარატის სტრუქტურული ცვლილებები. ნებისმიერ ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეაჩეროს მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკოს სრულად დაკომპლექტებამდე." - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






