ცირკთან გაუპატიურების საქმე - გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებული კ.ქ. დამნაშავედ ცნო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 12 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, კ.ქ.-მ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ა.კ. გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა კ.ქ. 2020 წლის 12 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები