"ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. დღეს ყოველმა ადამიანმა, ქვეყანამ, ერმა, უნდა დაინახოს სად მიდის. არის ფასეულობა, რომლის დათმობა შეუძლებელია. უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა ძვირფასია, რადგან ის არის მოციქულთა სარწმუნოება, რომელიც მათ გადმოსცა მაცხოვარმა. ეს არის სიკეთე, სიყვარული, სასოება, იმედი ღვთისა და მომავლისა. ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ოჯახზე, ერზე. ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია ღვთისა და ქვეყნის წინაშე, ამიტომ ადამიანმა უნდა იფიქროს უფრო ღრმად
ანალიტიკური აზროვნება დაქვეითებულია. ადამიანმა უნდა გააანალიზოს წარსული, აწმყო და მომავალი. ხშირია, როდესაც წარსულს ვაიდეალებთ. არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, წარსულში ყველაფერ ნეგატიურს ხედავენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პერიოდში არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ ესა თუ ის მოვლენა დადებითია, უნდა მივიღოთ, თუ უარყოფითია - არა
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანის ცხოვრება არის მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა, კარგი პირობები, კარგი ოჯახი, ეს ასე არ არის. ადამიანის ცხოვრება უფრო რთული პროცესია, პასუხისმგებლობა ღვთის, ოჯახისა და ერის წინაშე. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რისთვის მოგვავლინა ღმერთმა ქვეყანაზე. ეს ქვეყანა, როგორც მდინარე უნდა განვლოს ადამიანმა და უნდა გადავიდეს იმ ქვეყნად. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ - იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ადამიანი გახარებულია იმ შემთხვევაში, თუ ღმერთთან აქვს კავშირი. თუ ღმერთია მისი მფარველი და წინამძღვარი. სულიწმინდა უნდა უძღოდეს ადამიანს ქვეყანასა წრფელსა, ანუ მომავალ ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს ყოველი ადამიანი და მთელი საქართველო დადგეს იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს ქვეყანასა წრფელსა. ღმერთმა ინებოს, ყველა ჩვენგანმა დაინახოს სად თეთრია, სად შავი, სად კეთილი და სად ბოროტი. ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე და გული გონიერი, რათა კეთილად განვვლოთ ჩვენი გასავლელი გზა", - ბრძანა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები






