რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი ხათუნა სამნიძე პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქციის შექმნას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციურ ფრაქციებს შორის თანამშრომლობა შედგება. მისი თქმით, თ მიშელის დოკუმენტის განხორციელებისთვის საჭირო იქნება შეიქმნას ფრაქცია კონკრეტული მიზნებით, შესაძლებელია, დეპუტატი ასეთ ფრაქციაში გაწევრიანებას განიხილავს:
„მივესალმები ჩემი კოლეგების მიერ ფრაქციის შექმნას, ეს არის პირველი ნაბიჯი და პირველი სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ პარლამენტში იქნება ძლიერი ოპოზიცია, ძლიერი ფრაქციები და მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ოპონირების გაწევა იმისთვის, რომ ნდობა მოიპოვოს და თვითმმართველობის არჩევნებზე შეძლოს და მიიღოს 43 პროცენტი, ამიტომ ფრაქციები კიდევ შეიქმნება, მივესალმებით ძლიერ ფრაქციებს, დარწმუნებული ვარ, ფრაქციებს შორის იქნება სერიოზული თანამშრომლობა, რომ პოლიტიკური დარტყმები მივაყენოთ „ქართულ ოცნებას“. მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდა და სათავეში უდგას ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები ამ პარტიიდანაც შეუერთდებიან პარლამენტს. მე ვარ ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატი, წარმოვადგენ „რესპუბლიკურ პარტიას“ პარლამენტში, სხვა ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ აქვე გავუსვამ ხაზს, იმედი მაქვს, შეიქმნება მეტი ოპოზიციური ფრაქცია. მე არ შევალ ფრაქციაში, მე წარმოვადგენ „რესპუბლიკურ პარტიას“. თუ იქნება შესაძლებლობა კონკრეტული მიზნისთვის და შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელებისთვის შეიქმნას ფრაქცია, კონკრეტული მიზნებით და არა პარტიული მიზნებით, განვიხილავ ასეთ ფრაქციაში ყოფნას, ამას სჭირდება კონსულტაციები, მსჯელობა,“ - განაცხადა სამნიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






