ისრაელის ქალაქ ლოდში ადგილობრივ პალესტინელთა საპროტესტო გამოსვლები დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ლოდში პალესტინელებმა დაარბიეს სავაჭრო ცენტრები, დაწვეს სინაგოგები და ავტომობილები. პოლიციამ 151 დემონსტრანტი დააკავა.
ლოდის მერმა, იაირ რევივომ ადგილობრივ პალესტინელთა საპროტესტო ტალღა სამოქალაქო ომად შეაფასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს სამხედრო დახმარება სთხოვა. ქალაქში სასაზღვრო პოლიციის ბატალიონები გაიგზაბვნა.
ისრაელ-პალესტინას შორის საომარ მოქმედებებს 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელში შეტაკებების დროს 5 ადამიანი დაიღუპა, ღაზას სექტორში კი 35, მათ შორის 12 ბავშვი.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს.
ისრაელის მხრიდან საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურდა პოლიციის ცენტრალური შტაბი ღაზაში, კომპლექსი, რომელშიც რამდენიმე შენობა მდებარეობს. მძიმედ დაშავდა 233 ადამიანი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ჯიჰადი თავდასხმისთვის დიდ ფასს გადაიხდის სიცოცხლეებით.
პალესტინის პრემიერმინისტრმა, მუჰამედ შტაიემ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ისრაელის აგრესიის შეჩერებისკენ მოუწოდა.
გასული ორი ღამის განმავლობაში ისრაელში სარაკეტო თავდასხმები არ წყდებოდა. პალესტინამ დაბომბა გაზსადენიც. შეწყვეტილია ფრენები, დახურულია აეროპორტები, ისრაელის ხელისუფლებამ სირენების გამოყენებით მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო, რომ საომარი მოქმედებების გამო უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ თავი.
მასალის გამოყენების პირობები






