გლდანის ციხეში მომხდარი თვითმკვლელობის საქმეზე საპატიმროს თანამშრომელს ბრალი წარედგინა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
საქმე ეხება გასული წლის 12 ივლისს მომხდარ თვითმკვლელობას. ბრალდებულ თანამშრომელს პატიმრისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ევალებოდა, მან კი ერთი საათით მარტო დატოვა, რა დროსაც პატიმარმა თავი მოიკლა.
"№8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 30 ივნისიდან 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა. 2020 წლის 12 ივლისს, აღნიშნული პატიმარი იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, სადაც სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განთავსებული არ არის. №8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარ მორიგე ინსპექტორს ვიდეომონიტორინგს დაქვემდებარებული ბრალდებულისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ევალებოდა.
მიუხედავად ამ ვალდებულებისა, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარმა ინსპექტორმა, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, სააბაზანო ოთახში მყოფი ბრალდებული, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც ბრალდებულმა საშხაპე ოთახში სუიციდი განახორციელა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები