ქართულ ოცნებასა და მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის ახალ პაკეტს აცნობს, რომელიც თავად შეიმუშავა.
"მოქალაქეების" ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, რეფორმის ახალი პაკეტი იძლევა საშუალებას, რომ მაქსიმალურად იყოს ყველა პირობა დაცული, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს:
"შემოგვაქვს ელექტრონული დათვლის და ელექტრონული ანაბეჭდების მექანიზმები. შემოგვაქვს ავტომატურ რეჟიმში შემთხვევითი შერჩევის წესით 10% სავალდებულო გადათვლის ვალდებულება. შემოგვაქვს საჯარიმო სანქციები შეკრებაზე, ასი მეტრის რადიუსით იზრდება შეკრების ადგილი საარჩევნო უბნებთან. ამის გარდა, მათ შორის, დაუბალანსებული ოქმების შემთხვევაში ავტომატურად დაექვემდაბარება გადათვლას. ეს ყველაფერი ერთობლივად დამდვილად გააჩენს განცდას, რომ საქართველოში არჩევნები შეუძლებელი იქნება უბრალოდ, რომ გაყალბდეს", - განაცხადა იოსელიანმა.
ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი კი თვლის, რომ ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა, ეს მითი თვად ოპოზიციამ შექმნა და თავისივე შექმნილ მითხ ემსხვერპლა:
"რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი: ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, რომ დავაახლოვოთ ჩვენი წარმოდგენები. მეორე, ეს გახლავთ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რა მასშტაბით და რა ფორმით შეიძლება ეს მოხდეს. ვფიქრობ, რომ ისინი ჯერ კიდევ არიან საკუთარი მითების მსხვერპლი და მოქცეული იმ წარმოდგენებში, რომელიც მათ საკუთარ თავს შეუქმნეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გავიდა უკვე 6 თვეზე მეტი, ჩვენ ვნახეთ, რომ მითი გაყალბებული არჩევნების შესახებ დაიმსხვრა. ჩვენ ოპონენტებს მოვუწოდებ წინ გაიხედონ, რომ ვიმსჯელოთ იმ ადმინისტრაციულ-ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






