სასამართლო ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებას არ ჩქარობს. ხელოვნურად გაჭიანურებულ პროცესს ოპოზიცია უკანონობად აფასებს და აცხადებს, რომ გირაოს გადახდისა და პროკურატურის შუამდგომლობის მიუხედავად სასამართლოსგან რეაგირება არ არის:
"კვლავ პროცესის გაჭიანურების მცდელობა არის სასამართლოს მხრიდან. პროკურატურა უკვე შევიდა შუამდგომლობით, რომ გაიმართოს სასამართლო სხდომა, თუმცა ჯერჯერობით სასამართლოდან არანაირი რეაგირება არ არის", - აცხადებს ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა ნიკა მელიას გამოსასყიდი გირაო გუშინ გადაიხადა. პროკურატურას გუშინვე შეეძლო სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლი შამდგომლობით მიემართა, თუმცა ამის გაკეთება დღეს გადაწყვიტა. სასამართლომ კი, ნაცვლად იმისა, რომ პროცესი დღესვე დაენიშნა, გადაწყვიტა ოპოზიციის ლიდერი საპატიმროში დაეყოვნებინა და შუამდგომლობის განხილვა ხვალისთვის გადადო.
სახელისუფლებო გუნდის წევრები გასული დღეების განმავლობაში გამუდმებით იმას იმეორებდნენ, რომ მელიას შეეძლო იმ დღითვე დაეტოვებინა საპატიმრო, რა დღესაც ის გირაოს გადაიხდიდა. როგორც ჩანს, გირაოს გადახდის შემდეგ, ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესი და მელიას გათავისუფლება ისევ დროში იწელება. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას.
მასალის გამოყენების პირობები






