სტუდენტთა მობილობა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს სრულად, ვინაიდან სხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო გარემოში მიღებული გამოცდილების უპირატესობებს დისტანციური სწავლება ვერ ჩაანაცვლებს. ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლების მოსაზრებები ამ საკითხზე გამოქვეყნდა საერთაშორისო გამოცემაში „University World News”. ნიკ მიტჩელის სპეციალურ სტატიაში სახელწოდებით „ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის კონფერენცია: ონლაინ სწავლება სტუდენტთა მობილობას ვერ ჩაანაცვლებს“ აღნიშნულია, რომ ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ყოველწლიურ კონფერენციაზე საინტერესო დისკუსია გამართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ლივერპულის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯანეტ ბირმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების სფეროში გლობალური თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობს.
პროფესორ ჯანეტ ბირის აზრით, საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება სტუდენტებისთვის ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რაც მათ სიმწიფეს, ასევე მათი პირადი და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს. „სტუდენტები გრძნობენ გარკვეულ მიზიდულობას იმ ქვეყანასთან, სადაც მათ ისწავლეს, ასევე სხვა ხალხის კულტურის გაგებისა და მის მიმართ სენსიტიურობის საჭიროებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს კულტურის მეტ გაგებას როგორც შინ, ისე მის ფარგლებს გარეთ, და ხალხთა შორის სოციალური და ეკონომიკური კავშირების დამყარებას დაეხმარება“, - განაცხადა მან.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ იმ ფონზე, როდესაც პანდემიამ ყველაფერი ისე შეცვალა, რომ პერსონალს სამომავლოდ საგანმანათლებლო და კვლევითი პარტნიორობის განვითარება ბევრად ნაკლები მოგზაურობითა და მეტი ონლაინ მუშაობით მოუწევს, იგივე არ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტუდენტთა მობილობის შემთხვევაშიც.
„მინდა, რომ ეს სრულად აღდგეს. არ მგონია, რომ ამის ჩანაცვლება ონლაინ სწავლებით შევძლოთ“, - განაცხადა ბირმა. „პანდემია ყველაფერს შეცვლის პერსონალისთვის, მაგრამ ვიმედოვნებ, ის სტუდენტთა მობილობაზე არ აისახება“.
„University World News” გამოყოფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის მოსაზრებას, რომელიც მან დელეგატების წინაშე გამოსვლისას გამოთქვა. მისი განცხადებით, აკადემიურ პერსონალს და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეუძლიათ საკუთარი საქმიანობა მთლიანად ონლაინ ფორმატში გადაიტანონ, ისე როგორც ეს EUA-ს ღონისძიების შემთხვევაში მოხდა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე უფრო მეტი განაცხადი მიიღოს, ვიდრე ოდესმე.
თსუ რექტორის თქმით, „ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ მოაგვარებს იმ პრობლემას სრულად, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას“. გიორგი შარვაშიძემ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის „შესანიშნავი მაგალითი“ მოიყვანა, რომელიც ხელს უწყობს შესაძლებლობების ზრდას, ორმაგი ხარისხის მიღებას და შემდეგ კურსდამთავრებულებისა და პოსტ-დოქტორების უკან დაბრუნებას კვლევის ერთობლივი დღის წესრიგის შემუშავების მიზნით.
კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა გლობალური პარტნიორობის განვითარებაში განათლებისა და კვლევის როლზე. ამას გარდა, რამდენიმე ვიდეო გზავნილიც გაკეთდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციაზე, რომელსაც EUA-ს გამგეობის წევრი გრენობლის ალპების უნივერსიტეტიდან, პატრიკ ლევი თავმჯდომარეობდა, კითხვები რთულ გეოპოლიტიკურ გარემოსა და მტრული რეჟიმების პირობებში საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებასაც შეეხო. ბირმა მოუწოდა ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ თავი არ აარიდონ საკუთარი მისიის შესრულებას მსგავს ვითარებაში.
ლივერპულის უნივერსიტეტის რექტორმა, ხაზი გაუსვა EUA-ს მხარდაჭერას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამაში „Horizon Europe“ გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ბირმა აღნიშნა, „უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი იყო ეს და ამიტომ ბრიტანეთის მთავრობამ გაითვალისწინა. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ამით ჩვენს სტუდენტებს და თანამშრომლებს იმედს გავუცრუებდით“. მან ასევე მხარი დაუჭირა ნაციონალიზმის მზარდი ტალღის ფონზე, უფრო მეტ და ძლიერ გლობალურ თანამშრომლობას, რათა აკადემიურ და სიტყვის თავისუფლებასთან ერთად უზრუნველყოფილი იყოს პერსონალისა და სტუდენტების დაცვა, „მაშინაც კი, თუ ეს ჩვენი მთავრობებისთვის ხშირად რთულია“.
თავის მხრიც, გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, რომ ეს პრობლება მხოლოდ ევროპის მიღმა არსებულ რეგიონებს არ ეხება და დასძინა, რომ „Horizon Europe“-დან გარკვეული ქვეყნების გარიცხვა აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების საუკეთესო მაგალითი არ არის“. მისივე თქმით, მართალია, თანამშრომლობის გაფართოებას უჭერს მხარს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ბელარუსსა და რუსეთში არსებული მდგომარეობა სრულმასშტაბიან თანამშრომლობას ართულებს. თუმცა, რექტორის სიტყვებით, „საჭიროა პასუხისმგებლიანი და ორმხრივი პარტნიორობის“ წახალისება მაშინაც კი, როდესაც აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიის კუთხით პრობლემები არსებობს. თსუ რექტორი მიიჩნევს, რომ კონკურენციამ გლობალური თანამშრომლობა არ უნდა შეაფერხოს და აღნიშნა, რომ „სტრატეგიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება. ბუნებრივია იქნება კონკურენცია, მაგრამ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ღიაობას არ შევუშალოთ ხელი“.
თსუ-ის რექტორმა გამოხატა მოსაზრება „გამოქვეყნდი ან მოკვდი (publish or perish)“ კულტურის თაობაზე, რასაც დიდწილად რეიტინგები ახალისებს და, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებისა და მშობლებისთვის, მაგრამ სათანადო ყურადღება არ ექცევა სხვა ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სფეროში. შარვაშიძის თქმით, სულ უფრო იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მრეწველობასთან მეტი კავშირებისკენ მოუწოდებს. როგორც მან განაცხადა - „მე მაწუხებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას ისე გადათარგმნის, თითქოს ჩვენ გვჭირდება მეტი გამოყენებითი მეცნიერება და ნაკლები ფუნდამენტური კვლევა“.
დასკვნითი სიტყვისას, როგორც ჯანეტ ბირმა განაცხადა, პანდემიის ერთ-ერთი დადებითი შედეგი ისაა, რომ მან უნივერსიტეტები თავიანთ ქალაქებთან და რეგიონებთან უფრო მჭიდროდ დააკავშირა. „იმ ადგილების სამოქალაქო ამბიციები, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, უფრო მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში. მაშინ როდესაც ისეთი გლობალური მიზნები გვაქვს, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, საჭიროა, ჩვენს რეგიონებთანაც ვიმუშავოთ. ეს ურთიერთობები პანდემიის დროს კიდევ უფრო მჭიდრო გახდა“, - დასძინა მან.
ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ყოველწლიური კონფერენცია 2021 წლის 23 აპრილს გაიმართა და გლობალური პარტნიორობის განვითარებაში განათლებისა და კვლევის თემას დაეთმო. კონფერენცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გახსნა, შემაჯამებელი სიტყვით კი მსმენელებს EUA-ს პრეზიდენტმა, მაიკლ მერფიმ მიმართა. (https://www.universityworldnews.com/post.php?story=20210428083607129&fbclid=IwAR2231rI0hLhLyJnpu-r9JXM7aEGCXpFNPViw1WbuaLgFO633-I2bXiXF1o)
მასალის გამოყენების პირობები