ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა კობა ნაყოფიამ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ ის სწორ გზას დაადგება. ნაყოფიას განმარტებით, პარტიას ნაკლებად აინტერესებს რას ამბობს გიორგი ვაშაძე:
„ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი ჩვენი პარტნიორი პარტიების მხრიდან, პირველ რიგში, გიორგი ვაშაძის მხრიდან, როდესაც ნიკა მელია ციხეში ზის. ადამიანი ციხეშია და ის უკე მომავალ არჩევნებზე საუბრობს. ყველას თავისი გასაჭირი აქვს, სიმართლე გითხრათ, დიდად, ამაზე ყურადღების გამახვილება არც მინდა. ჩვენთვის ახლა მთავარი საკითხი არ არის, რას ამბობს გიორგი ვაშაძე, ნაკლებად გვაინტერესებს. მესმის, რომ პრობლემებია, იჩქარეს თავის დროზე, ახლა გიორგი ვაშაძე ცდილობს, სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, მაგრამ იმედია, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება“ ,- განაცხადა ნაყოფიამ.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ გუშინ ნაციონალური მოძრაობის მიმართ საკმაოდ უხერხული განცხადება გააკეთა:
"ნაციონალურ მოძრაობას გამბედაობა და ერთი ადგილი უნდა ეყოს, რომ თავის თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკუთარი თავმჯდომარე პოლიტიკური პატიმრობისგან დაიხსნას და არა ის, რომ მის ზურგს უკან იმალებოდეს. თუ სიმართლე გინდათ. მე ამას არასდროს გავაკეთებ კოლეგა პარტიასთან მიმართებითაც კი" - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






