გუგუტიაანთკარის მკვიდრი, 36 წლის რამაზ ბეღელური სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. მისი თქმით, ოკუპანტები საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან და არაადამიანურად ეპყრობიან.
ბეღელურმა ტყვეობაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ დაკავებისას რუსი ოკუპანტები იარაღის კონდახით სცემდნენ, თავი გაუტეხეს, რის შედეგადაც სისხლდენა დაეწყო. ის საოკუპაციო ძალებმა ტყვეობიდან მიმდინარე წლის 1 აპრილს გაათავისუფლეს, თუმცა, მიღებული ტრავმები ჯერ კიდევ მოუშუშებელია და ორი დღის წინ კომაშიც ჩავარდა.
ბეღელურთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გენადი ბესტაევის ოჯახიც აპირებს. ის სეპარატისტებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და ე.წ. სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბესტაევი ისეთივე ძალადობის მსხვერპლია, როგორც სხვა დანარჩენი ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები.
მასალის გამოყენების პირობები






