თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ალექსანდრე ნინუას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. აღნშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ნინუას პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყება დაკავების მომენტიდან, კერძოდ 12 დეკემბრიდან.
"პრაქტიკულად დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების მოთხოვნას და არ დაუტოვა სასამართლოს შესაძლებლობა, ემსჯელა აღმკვეთი ღონისძიების სახით უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების საკითხზე. აქედან გამომდინარე, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნება პატიმრობა", - განაცხადა მოსამართლემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით არის დაკავებული. მის წინააღმდეგ ძიება 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯამში თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






