ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრილიუს ლანდსბერგისმა საქართველოში საქმიანი ვიზიტი უკვე დაასრულა. შემაჯამებელი კომენტარის გაკეთებისას მან პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, ზედმიწევნით შეასრულონ შეთანხმების პირობები ყოველგვარი გადახვევის გარეშე:
"შეთანხმება არ არის საბოლოო ხაზი. შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა მოგვარდეს.
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სიზუსტით. მოვუწოდებ ბატონ მელიას გაითვალისწინოს ის გარანტიები, რომლებიც შეთავაზებულია ევროპის პოლიტიკური კოლეგებისგან და პარტნიორებისგან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არჩეულმა პარტიის წევრებმა გამოხატონ სურვილი, რომ შეუერთდნენ იმ ძალისხმევას, რომელიც ზემოაღნიშნული შეთანხმების სწრაფ და დაუყოვნებლივ განხორციელებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ლანდსბერგისმა.
მასალის გამოყენების პირობები






