"ტრიბუნას" წევრი კოტე კემულარია ამნისტიის კანონის მიღების გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას არაადეკვატურს უწოდებს. მისი თქმით, გავრილოვის ღამეს ხელისუფლებამ სამოხელეო დანაშაული ჩაიდინა და ამ ამნისტიის წყალობით ისინი პასუხისგებაში მიცემისგან თავს დააღწევენ:
"ეს ამნისტია ისტორიაში შევა, როგორც მსოფლიოში ყველაზე არა ადეკვატური.
მძიმე შეცდომიდან ტყუილებით თავის დაძვრენა შეუძლებელია, თუნდაც დიდი ტყუილებით.
“ახალი ლიდერი” ხათუნა სამნიძე დღესაც გვიმტკიცებს, რომ ამნისტიის თუნდაც ორი დაპირისპირებული პროექტი არ არის ამ შეთანხმების კრახი. ეს, თურმე “ჯანსაღი პროცესია”.
“გამარჯვების” ეიფორიაში ჩავარდნილი “ჭიჭე ვაშაძე” ამტკიცებს, რომ კონვენცია არის ჩამკეტი ჯალათების ამნისტირებისთვის.
ეს კი, ძალიან დიდი ტყუილია, მათ შორის იურიდიული.
იურისტმა სტუდენტებმაც კი იციან, გავრილოვის ღამეს ხელისუფლების წარმომადგენლობის მიერ ჩადენილი არის
სამოხელეო დანაშაულები, მათ შორის ძალიან მძიმე, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის პირდაპირ კავშირში არაადამიანური მოპყრობის კონვენციის მუხლებთან.
შეთანხმების ხელმომწერებმა კარგად იცოდნენ, ოცნებამ პირდაპირ ჩაწერა დოკუმენტში: -“ ამნისტია შეეხება ყველა დარღვევას”. მათ კარგად უწყოდნენ, რომ ამით ოცნება ათანაბრებდა ოკუპაციის გამპროტესტებლებს და მათ დამსჯელ ჯალათებს.
მაინც მოაწერეს ხელი, რითაც გზა გაუხსნეს ხელისუფლებას “თავისი ჩადენილი კოლექტიური და მძიმე სამოხელეო დანაშაული”, როგორც მისთვის და მისი ლიდერისთვის ძალიან არასასურველი მოვლენა, ამნისტიით “გადაეფურცლა”.
უსამართლობასა და პრიმიტივიზმთან ერთად.
ეს საშინელი ამნისტია ისტორიაში შევა, როგორც მსოფლიოში ყველაზე არა ადექვატური.
საკუთარი თავისთვის ეპატიებინოს (??!!) რომელიმე ხელისუფლებას მძიმე დანაშაული, ასეთი რამ ჯერ არსად მომხდარა.
კოლექტიურ ელისაშვილებთან გარიგებისთვის ეროვნული თანხმობის დოკუმენტის დარქმევა, საერთოდ თავხედობა და ერის დაცინვის მცდელობაა.
ასევე უკიდურესი ცინიზმია, თავისუფლებისთვის თავგანწირვით მებრძოლი ადამიანის, ნიკა მელიას სახელის ძალით მიწებება ამ სახელისუფლებო ძალადობის აქტისთვის" - აცხადებს კემულარია.
მასალის გამოყენების პირობები






