ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია უცვლელია.
ენმ-ის თავმჯდომარის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 29 აპრილს გაიმართება. მელიას ადვოკატის თქმით, ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი აქვს, რომ პროკურატურის შუამდგომლობით ნიკა მელია გაათავისუფლონ.
"ხვალ გაიმართება ნიკა მელიას საქმეზე პროცესი. შესაბამისად, ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი აქვს, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და დაასრულოს ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. ეს შესაძლებელია პროკურატურის შუამდგომლობით. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ნიკა მელიამ დააფიქსირა პოზიცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამნისტია იქნება გამოხმობილი და მოიხსნება დღის წესრიგიდან, ის მზად არის მიიღოს ევროკავშირის გირაო და ამ ფორმით მოხდეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლება.
რამდენადაც ვიცით ინიცირებულია უკვე, ამნისტიის პროექტი, თუმცა ეს ჯერჯერობით არ გამორიცხავს ნიკა მელიას განცხადების შესრულებას, იქიდან გამომდინარე, რომ იქ საუბარია არა ინიცირებაზე, არამედ იმაზე, რომ ეს პროექტი მოიხსნას და არ იქნას მიღებული",- თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






