მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
ამიტომ, საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების მხრიდან, ხოლო მეორე ოპოზიციისგან.
ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. როგორც შალვა შავგულიძე განმარტავს, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტია იმ მუხლებზეც გავრცელდეს, რომლითაც სამართალწარმოება ამ დრომდე არავის მიმართ არ დაწყებულა.
"ჩვენ მიგვაჩნია, ოპოზიციას, რომ ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთი მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებში მონაწილეების მიმართ და, მეორე მხრივ, იმ პოლიციელების მიმართაც, რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ასრულებდნენ. ეს იქნებოდა განჭვრეტადი, მკაფიო ამნისტია. ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო აწარმოებს ამ საქმეზე გამოძიებას, ბევრ შემთხვევაში უკვე განაჩენიც არის გამოტანილი და სხვა მუხლები არ გამოკვეთილა, გარდა იმ მუხლებისა, რაც უკვე არსებობს.
ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე მხარეზე გავრცელდეს, მაგრამ გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებზე. ხელისუფლება ამბობს, რომ კონკრეტული ბრალდებები და მუხლები არ იყოს ამნისტიაში და ითქვას, რომ ამნისტია ვრცელდება ამ ფაქტთან, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე. ეს არის ძალიან გაუმართლებელი სამართლებრივად, ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტია. არც პასუხობს შეთანხმების სულისკვეთებას. სულისკვეთება არის ის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს სამართლიანი ამნისტია.
შეთანხმებაში წერია, რომ "ყველა დარღვევასთან და დაკავებასთან დაკავშირებით", რაც ნიშნავს უკვე არსებულ დარღვევასა და არსებულ დაკავებას. არ შეიძლება, ამნისტია გამოაცხადო ჰიპოთეტურ დანაშაულზე". – ამბობს შალვა შავგულიძე.
სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, შეთანხმების შედეგად კონვენციური მუხლები არ გავრცელდება არცერთ კანონპროექტში. კონვენციური მუხლები გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებს, როგორიცაა წამება, დამამცირებელი მოპყრობა და ა.შ.
"ორივე კანონპროექტში იქნება დაცული კონვენციური მუხლები, კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება არცერთი კანონპროექტი. ამასთან, ძალადობის საქმეები დაემატა მათ [ქართული ოცნების] კანონპროექტშიც და მაკო გომურის ტიპის საქმეებზე კიდევ დამატებითი გარანტია ჩაიდება მათ კანონპროექტშიც, რომ მათზე არ გავრცელდეს ამნისტია". – ამბობს გიორგი ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






