26 აპრილს ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ საშინელი ტრაგედიის დეტალები დღემდე ბევრისთვის უცნობი იყო. უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არქივმა, ამ თარიღთან დაკავშირებით, სსრკ-ს КГБ-ის საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა: ატომური ელექტროსადგურის დირექტორის მოხსენება მომხდარის შესახებ, სადგურის ოპერატორების საუბრები ავარიის პირველ წუთებში და აშ.
თუმცა, აქვე ნახავთ იმ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ხალხს უმალავდა.
▪️საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ავარიები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 1986 წლის 26 აპრილამდეც მომხდარა - 1982 წელს პირველი ენერგობლოკიდან დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებების გამოტყორცნა მოხდა. თუმცა, КГБ-ს მოხსენება ამ ფაქტის შესახებ საბჭოეთისთვის ტრადიციული ფრაზით მთავრდება: "მიღებულია ზომები, რომ არ გავრცელდეს პანიკა და პროვოკაციული ხმები". 1984 წელს ავარიული სიტუაციები მე-3 და მე-4 ენერგობლოკებშიც მოხდა.
▪️1983 წელს მოსკოვმა მიიღო ინფორმაცია, რომ ჩერნობილი სსრკ-ს მასშტაბით ყველაზე სახიფათო ატომური ელექტროსადგურია, რადგან მასზე არ არსებობს უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები. აქვე ნათქვამი იყო, რომ ავარიის შემთხვევაში რადიოაქტიურობის მაჩვენებელი ხიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ აფეთქებებთან შედარებით 60-ჯერ მაღალი იქნებოდა. რეაგირება - 0.
▪️ავარიის პირველ დღეებში საბჭოთა ხელისუფლება ეცადა მომხდარი ე.წ გარე ძალებისთვის დაებრალებინა და "შეთქმულების თეორიის" შემუშავება დაიწყო. 27 აპრილს უკვე მზად იყო რეგიონში მცხოვრები "არასაიმედო მოქალაქეების სია", ასევე ჩამოიწერა უცხოური დელეგაციების შემადგენლობა, რომლებიც ჩერნობილში იმყოფებოდნენ ვიზიტად. "მტრების სიაში" მოხვდნენ ასევე სექტანტები, გერმანული წარმოშობის პირები და ის მოსახლეობა, ვისაც საზღვარგარეთ მყოფ ახლობლებთან ჰქონდა მიმოწერა.
შემდეგ ჩნდება დოკუმენტები, რომ ნაციონალისტებს სურთ ხელში ჩაიგდონ რადიოაქტიურად დაბინძურებული ნიადაგის ნიმუში, რათა მისი მეშვეობით სსრკ-ს დისკრედიტაცია მოახდინონ მსოფლიოში.
ამ მასალებს უფრო დეტალურად გაეცნობით, თუ გადახვალთ უკრაინის უშიშროების სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულებზე.
მასალის გამოყენების პირობები






