ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ენმ-ს ლიდერის გათავისუფლება ევროპარლამენტარების თავდებობით მისასალმებელია. მისი შეფასებით, დოკუმენტზე ხელის მოწერით ოცნებამ აღიარა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური აღქმის მქონეა და ამ ვითარებაში მისი პატიმრობაში დარჩება დაუშვებელია:
"29 აპრილს ჩანიშნულია სასამართლო პროცესი, აქ სხვადასხვაგვარად შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მოგეხსენებათ, საუბარია ევროპარლამენტარების თავდებობაზე, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ცალსახა პოზიტიური პოზიცია და მივესალმებით ევროპარლამენტარების ძალისხმევას, თუკი ასეთი იქნება, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან.
ამას გარდა, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ნიკა მელიას საქმე თვით ხელისუფლების მიერ აღიარებულია, როგორც პოლიტიკური აღქმის მქონე სისხლის სამართლის ქეისი. როდესაც ვსაუბრობთ სამართლებრივ ასპექტებზე, წარმოუდგენელია, რომ პირი დარჩეს უკანონო პატიმრობაში. ხელისუფლებას მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება, თუკი ოდნავ მაინც თავმოყვარეობა აქვს შენარჩუნებული სასამართლოს და პროკურატურას", - განაცხადა კონდახაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






