საქართველოში კორონავირუსის ტესტების რაოდენობა იწურება - ამის შესახებ განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა ვახტანგ კალოიანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ სულ დარჩენილია 25 ათასი ტესტი, რაც მოსახლეობის გასატესტად მხოლოდ რამდენიმე დღე იქნება საკმარისი:
"ცნობილი გახდა, დოკუმენტებით დადასტურებული, რომ საქართველოში არის საკმაოდ დიდი დეფიციტი ანტიგენ ბაზირებული ტესტების. სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი და ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სწრაფი შესყიდვის წესით მის შემოტანას, რაც საკმაოდ სახიფათოა, ამ გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით. 25 ათასი არის სულ რამდენიმე დღის საჭირო დოზა. მსგავსი დეფიციტების შექმნა არის ძალიან სახიფათო და ის მიუთითებს პროცესის ძალიან ცუდ დაგეგმვაზე. შეიძლება, აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, რომ ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ეს პრობლემა, დაგეგმოს სწორად ისე, რომ ყოველთვიურად არ მოგვიწიოს ამის შესყდვა", - განაცხადა კალოიანმა.
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ტესტების რაოდენობის ამოწურვა ბუნებრივი პროცესია და მომდევნო კვირაში მარაგი შეივსება:
"მარაგები სისტემატიურად იწურება და ივსება. სამინისტრომ შეიძინა მილიონი ტესტი, რომელიც ჩამოვა ქვეყანაში მომდევნო კვირაში და არანაირი შეფერხება ტესტირების პროგრამაში არ მოხდება", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.
მასალის გამოყენების პირობები






