ლელოს ოფისში ოპოზიციური პარტიების ნაწილის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მათ იმსჯელეს ყველა საკითხზე, რომელიც ამნისტიის კანონს უკავშირდება.
სამადაშვილის თქმით, მისი აზრია, რომ პოლიციელების შემთხვევაში კანონს დაზარალებული მხარის თანხმობა უნდა დაემატოს.
"ამნისტიის კანონში შეიძლება ჩაიწეროს მხოლოდ და მხოლოდ ამნისტირება კონკრეტულ მუხლებთან მიმართებაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი ზოგადი კი არ იქნება, არამედ იქნება კონკრეტული და შეეხება კონკრეტული მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულ ან მისჯილ პირებს.
მოქალაქეების მხრიდან არის 16 ადამიანი, რომელიც ამ კატეგორიას ექვემდებარება, გარდა ნიკა მელიასი. და საუბარია 3 პოლიციელზე, რომელიც არის ბრალდებული თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის.
საუბარია იმაზე, რა ფორმით უნდა მოხდეს ამნისტიის კანონის გაფორმება.
ჩემი აზრია და ვფიქრობ, რომ ბევრი კოლეგა ამას იზიარებს, რომ პოლიციელების შემთხვევაში ამას უნდა დავამატოთ დაზარალებული მხარის თანხმობა.
ამ ყველაფერზე მსჯელობა გაიმართება კანონის მიღების პროცესში". - თქვა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






