საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭომ ინფიცირების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მკაცრად გაკონტროლების გადაწყვეტილება მიიღო.
საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აქამდე დაწესებული რეგულაციები, მათ შორის კომენდანტის საათი, ძალაში რჩება. ღიბრაძემ კერძო სექტორს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა:
„ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე;
როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე;
ამასთან, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი; ასევე - საზღვარზე შემოსული პირების პისიარ-კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ;
საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ტესტირება;
ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში;
კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია;
საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებასა თუ მათში მონაწილეობაზე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






