"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი მხოლოდ იმ საქმეებს შეეხება, რაზეც გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს. მისი განმარტებით, შეთანხმების დოკუმენტის ყველა დეტალი პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელთან შეხვედრაზე დაზუსტდა.
ვაშაძემს იმედი გამოთქვა, რომ ამ ინიციატივას ქართული ოცნება ხელს მოაწერს:
„ახლა ჩვენ, საპარლამენტო ჯგუფი ოპოზიციის მხრიდან, ვამუშავებთ ამნისტიის კანონის პროექტს, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელიც ამჟამადაა გამოძიებაში და სპეკულაციები იმაზე, რომ ვიღაცაზე მომავალშიც გავრცელდება, ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. ეს კანონი გავრცელდება მხოლოდ იმ მუხლებზე, რომლითაც ახლა არიან ადამიანები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი.
სამშაბათს ეს კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში და იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ დაადასტურებს, რომ ის ამ ინიციატივას ხელს მოაწერს. როგორც კი მოხდება ამ პროცესის რეალიზება, სამშაბათს, ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მყისიერად გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს სამშაბათს. ამის შემდგომ პარლამენტის რეგლამენტით შესაძლებელ, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში პარლამენტი მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზაა მისი გათავისუფლებისთვის, სხვა გზა, დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს. აქვე მინდა გულწრფელად, სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც 20 ივნისს დაზარალდა. მინდა ყველას გულწრფელად გითხრათ, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნებით და ამ საქმესთან დაკავშირებით მომავალშიც ბევრ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ, შევეცდებით სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები. მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ. შეთანხმებას, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების იძულებით საქართველომ შეძლო, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ ამ შეთანხმების სწრაფ იმპლემენტაციაზე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






