ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი იმ ოპოზიციონერი დეპუტატების პოზიციას გამოეხმაურა, რომლებმაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი მოაწერეს. მისი განმარტებით, კოლეგები უხერხულში ჩავარდებიან, როდესაც ნიკა ამელია ყოველგვარი პირობების გარეშე გამოვა ციხიდან:
"გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს ისე, რომ ნიკა მელია ისევ ციხეშია და არავინ არ იცის როგორ გამოვა, მათ ეს არ იციან, ამბობენ გირაოს, მაგრამ გირაოს არ იხდის ეს ადამიანი. ჩემი კოლეგები უხერხულში ჩავარდებიან მას შემდეგ, რაც ყოველგვარი დათქმების და პირობების გარეშე გამოვა ნიკა მელია, მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი გამოვა, მერე ყველას შეეძლო ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და ეს იქნებოდა ნორმალური და სწორი" - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტეს.
მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერს ნაციონალური მოძრაობა და აცხადებს, რომ სანამ მელია ციხიდან არ გამოვა, არანაირ შეთანხმებას აზრი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






