ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, შარლ მიშელთან შეხვედრისას პარტია გააცნობს მის პოზიციას მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. უდუმაშვილის განმარტებით, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია არ გათავისუფლდება ციხიდა, მანამდე ოცნებასთან რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ძნელია.
"ჩვენი პოზიცია უცვლელია. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე არანაირი შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას არ განვიხილავთ. მე მგონი, ეს ძალიან გასაგები არგუმენტია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც, იმიტომ, რომ ნიკა მელიას დაკავების დღიდან მათი მოწოდება იყო, რომ პარტიის თავმჯდომარე უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა დღემდე ეს არ მომხდარა. შესაბამისად, დღესაც, როდესაც ჩვენ შევხვდებით ბატონ შარლ მიშელს, ჩვენს პოზიციას გავაცნობთ, რომელიც მან ისედაც კარგად იცის. ვეტყვით, რომ დიახაც, ვიდრე ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არ მოგვარდება, მანამდე რაიმე შეთანხმებაზე „ქართულ ოცნებასთან" საუბარი ძნელია.
მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როდესაც ის გათავისუფლდება. რა ფორმით მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, ამას შევხედავთ. ჩვენ დღეს შარლ მიშელს ღიად ვეტყვით, რას ვეთანხმებით და რას არ ვიზიარებთ კატეგორიულად ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ის, რომ გირაოს არ გადაიხდის ნიკა მელია და არც სხვისგან მიიღებს გირაოს, ეს უკვე არის გაცხადებული. ის, რომ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ამინისტია შეეხოს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული 20 ივნისის ღამეზე, ბუნებრივია, ესეც ჩვენი პოზიციაა და ამ ყველაფერს მოვახსენებთ შარლ მიშელს" - განაცხადა უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






