ქართული ოცნების ყოფილი წევრი ლევან ჭანტურიძე, რომელიც პარტიიდან გარიცხეს, ზესტაფონის მერიაში არსებულ კორუფციაზე ალაპარაკდა.
მისი განცხადებით, ზესტაფონის მერის კორუფციულ გარიგებებზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობდნენ, ამ გარემოებებზე კითხვები გაუჩნდა და ამის გამო მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღეს:
"დიტო სამხარაძეს შეხვხვდი, რომელიც პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებს კურირებს. მან მითხრა, შეეშვი ზესტაფონის მერს, აქციებს თავი დაანებე და თანამდებობაზე დაგნიშნავ ზესტაფონის მერიაში, ან საკრებულოშიო. ამაზე უარი განვაცხადე.
სიმართლისთვის ბრძოლისთვის გავირიცხე პარტიიდან" - განაცხადა ჭანტურიძემ.
იგივე მიზეზით გაათავისუფლეს მაია კახნიაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ ზესტაფონის მერის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არჩევნების დროსაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა:
"ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ზესტაფონის მერთან დაკავშირებით, არჩევნების დროსაც მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მაშინ დაძაბულობა იყო და თავი შევიკავე. ზესტაფონის მოსახლეობა მოვა აქციაზე, მათ ინფორმაციას მივაწვდი.
პარტიაში უნდა იყო მონური მორჩილებით და არ უნდა იკითხო, რას აკეთებ და რატომ აკეთებ, მე ასე არ ვაპირებ - განაცხადა კახნიაშვილმა.
პარტიიდან გარიცხულმა წევრებმა მათი გათავისუფლების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყვეს. ქართული ოცნების ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციამ დილით განცხადება Facebook-ით გაავრცელა და მისი ორი წევრის გათავისუფლების შესახებ ამცნო საზოგადოებას. როგორც განცხადებაში იყო განმარტებული, ზემოთ აღნიშნული პირები ოპოზიციასთან ფარული ურთიერთობის გამო გარიცხეს.
მასალის გამოყენების პირობები






