"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ რიყეზე შეკრებილ ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ 15 მაისი უნდა იყოს ერთობის დღე, რადგან ივანიშვილის რეჟიმს მხოლოდ ერთობა მოერევა:
„15 მაისს, ჩვენ ამ ერთობას ნიკა მელიასთან და გიორგი რურუასთან ერთად შევხვდებით, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ერთობაზე, მის გამოწვევაზე, პრობლემებზე, ბევრს ვდაობთ ხოლმე ერთობის სახელით, ბევრს ვკამათობთ, შეიძლება ვჩხუბობთ, მაგრამ ამ სიტყვის რეალური ფასი ყველას კარგად გვესმის. ეს არ არის სადღეგრძელო, 15 მაისი უნდა იყოს ყველა გაბრაზებული, იმედგაცრუებული ადამიანის ერთად დგომის დღე. ძალიან ბევრი გამოწვევაა, დღესაც, გუშინაც ვნახეთ იმისგან დამოუკიდებლად, ვის რა პოზიცია აქვს, ვინ მოაწერს ხელს, ვინ - არ მოაწერს, ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები უნდა მოვძებნოთ.
ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ ამ რეჟიმს მხოლოდ ერთობა მოერევა. ჩვენ შეიძლება სხვანაირად გვესმოდეს მომავალი, სხვანაირად ვხედავდეთ როგორ უნდა გავაძლიეროთ ეს ერთობა, მოდი, ამაზე ვიკამათოთ, ამაზე ვიმსჯელოთ, რა უნდა იყოს ის დამატებითი შტრიხი, რაც ამ ერთობას გააძლიერებს და არა პირიქით, დაშლის მას“, - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






