ცოლ-შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ბიზნესმენს დავით კოდუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო.
დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რასაც პროკურატურა ეწინააღმდეგებოდა.
"ვერ დამარწმუნეთ, რომ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. პოლიციელების, ექიმების ჩვენებები, დაზიანებები მაძლევს იმის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი",- აღნიშნა მოსამართლემ.
პროცესზე სიტყვით გამოვიდა თავად კოდუა, რომელმაც ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ ცოლ-შვილის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
თავად კოდუას ოჯახი ითხოვს, რომ ბიზნესმენი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს და შემაკავებელი ორდერი გამოიწეროს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები