საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. მინისტრი ამბობს, რომ უკრაინაში არსებული დაძაბულობის ფონზე, ახლა იმის დრო არ არის, საქართველოს ადგილზე ელჩი არ ჰყავდეს.
"ახლა იმის დრო არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო ასე იძაბება სიტუაცია, ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს. ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარი იყო, მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და, ვფიქრობ, ისინიც გაგებით მოეკიდნენ იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენ გადავდგით". – თქვა ზალკალიანმა.
საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, 2020 წლის 8 მაისს თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა. შარაშენიძე უკრაინიდან მას შემდეგ გამოიძახეს, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






