„ერთი წელია, სასამართლოში ახალი სარჩელი არ შესულა და ახლახანს, დაზუსტებული სარჩელი შევიტანეთ,“ - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ია მარიამიძემ განუცხადა.
„ქონების გაყოფის საქმე სასამართლოში წელიწადზე მეტია, დამთავრდა. ახლა ქონების გაყოფაზე კი არა, ბავშვის სარჩელზეა საუბარი, რომლიც ჩუქებად აღიარებას ითვალისწინებს. ნელი დოროყაშვილს ერთი სახლი და ერთი კომერციული ფართი გადაეცა. ერთი კი ბავშვისთვის უნდა ეჩუქებინათ, რაც დღეს სადაოა. საერთოდ, სადაო, საერთო ჯამში, 11 უძრავი ქონება იყო, თუმცა როცა დავა დაიწყო, აქედან უმეტესობა მესამე პირზე იყო გადაფორმებული და სწორედ ის იყო სადაო, რომ გადაფორმებები გაბათილებულიყო და ქონება, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრება, შუაზე გაყოფილიყო. მერე, მხარეებს შორის შეთანხმება მოხდა. ისე, სარჩელიდან ირკვეოდა, რომ მესამე პირზე - ბასილაშვილის მამაზედ გადაფორება შეგნებულად მოხდა, რათა ქონება დამალულიყო“, - ამბობს დოროყაშვილის ადვოკატი მარიამიძე.
მისივე თქმით, მოსარჩელე მხარის მიერ პირველი სასარჩელო მოთხოვნა იყო 9 740 ლარი, რომელიც გახლდავთ მოსარჩელის დათვლით ბავშვის ყოველთვიური საჭირობების ფულადი გამოხატულება. თუმცა, 2021 წლის 25 მარტს დაზუსტდა 2020 წლის მარტის სარჩელი, კერძოდ, შემცირდა სასარჩელო მოთხოვნა. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა გახლავთ ყოველთვიურად ნიკოლოზ ბასილაშვილს დაეკისროს ალიმენტის სახით 4 870ლარი.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის ადვოკატები მუდმივად ნელი დოროყაშვილის ანგარიშზე ჩარიცხული 100 ათასი დოლარით აპელირებენ, თუმცა ადვოკატის განმარტებით, ეს ალიმენტი კი არა, არამედ, მორიგების აქტის მიხედვით, ნელი დოროყაშვილისთვის მიკუთვნებულ ფულადი თანხაა.
„დღეის მდგოამრეობით, სადაო ისაა, რომ ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ რეგისტრაციას ხელი შეუშალეს. არადა, მორიგება იმიტომ მოხდა, რომ ბასილასვილმა თქვა, ალიმენტის განსაზღვრა არ გვინდა და ბავშვისთვის ყველაფერს ვუზრუნველყოფო. მაგრამ შარშან, მარტში, ბაღის ფული - 600 ლარი გადაიხადა და მორჩა. ალიმენტის საკითხი ჯერ არ დამთავრებულა, რომელიც შარშან, მარტში დაიწყო და ამაზე ჩვენ დაზუსტებული სარჩელი შევიტანეთ,“ - აცხადებს დოროყაშვილის ადვოკატი.
ნელი დოროყაშვილის უფლებებს იცავს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
შეგახსენებთ: ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, განქორწინდნენ. ნელი დოროყაშვილმა, ჯერ კიდევ ქორწინებაში ყოფნისას, თანაცხოვრების დროს დაგროვილი ქონების დაცვის მიზნით, სასამართლოს მიმართა. მაშინ მხარეები მედიაციაზე შეთანხმდნენ და მორიგების აქტი შედგა, რომლის მიხედვითაც, თანასაკუთრება განაწილდა და მორიგების დოკუმენტში ალიმენტის ჩანაწერიც გაჩნდა. განქორწინების შემდეგ, როგორც ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, ბასილაშვილმა მორიგების აქტი დაარღვია. ნელი დოროყაშვილმა სასამართლოს სწორედ ამის გამო მიმართა.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 21 მაისს, სსკ-ის 126¹-ე მუხლით დააკავეს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.
დაკავების დღესვე ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოიცა (სულ 6 ორდერი), რაც მხარეებმა გაასაჩივრეს. 8 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის ოჯახს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ორდერებს მოქმედების ვადა 21 ივნისს ამოეწურა. მანამდე კი,24 მაისს, სასამართლომ ჩოგბურთელი წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბასილაშვილის საქმე ორეპიზოდიანია . კერძოდ, ერთი ეპიზოდი ფიზიკურ ძალადობას ეხება, მეორე კი - ქონებრივ დავას.
მასალის გამოყენების პირობები