19 აპრილს, პირველი ინსტანციის სასამართლოში, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება. როგორც ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ განაცხადა, გამძოებამ საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს უკვე წარუდგინა. ამასთან, უკვე დაკითხულია სამი მოწმე და სამივე მათგანმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება დაადასტურა.
„სანამ დაზარალებული სასამართლოს დეტალურ ჩვენებას არ მისცემს, ძალადობის დაწყების თარიღის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა აღვნიშნავ, რომ ძალადობა ერთჯერადი არ ყოფილა,“ - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ძალადობის ეპიზოდებს, ადვოკატი განმარტავს, რომ ჩოგბურთელს ბრალი წაყენებული აქვს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე, ეკონომიკურ და ფიზიკურ ძალადობაზე.
სანამ დაზარალებული სასამართლოს დეტალურ ჩვენებას არ მისცემს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მტკიცებულებები სასამართლოში წარდგენილია. საქმე უკვე პირველი ინსტანციის სასამართლოში განიხილება - მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპია. ამასთან, დაკითხულია სამი მოწმე. სამივემ გამოძიებაში მიცემული ჩვენება დაადასტურა. ამ დაკითხული სამი მოწმიდან ოჯახის წევრი არც ერთი არ არის, თუმცა მოწმეების სიაში ორივე მხარის ოჯახის წევრები არიან,“ - აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, ცნობილია, რომ ბასილაშვილის საქმეში ძალადობის ამსახველი ვიდეო და აუდიომტკიცებულებებიც არსებობს. კითხვაზე, როცა ამ მტკიცებულებების სასამართლოზე განხილვა მოხდება, ბასილაშვილი თავის გამართლებას შეეცდება თუ არა, ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის, როგორც დაზარალებულის მხარისთვის უცნობია, ბრალდებული თავის დაცვის როგორ სტრატეგიას აირჩევს.
„მტკიცებულებების წარდგენას თავისი წესები აქვს და გამოძიება სასამართლოს უკვე წარუდგინა. საერთოდ, რამდენიმე სახის მტკიცებულება არსებობს - ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეთა ჩვენებები, აუდიო ჩანაწერები... გიდასტურებთ, რომ გამოძიების მიერ მტკიცებულებები უკევს სასამართლოშია წარდგენილი, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუ რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი. რაც შეეხება თავის გამართლებას, დაცვის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ბასილაშვილსაც შეუძლია, თავისი პოზიცია აირჩიოს - თავი დამნაშავედ სცნოს ან არა. ბუნებრივია, ჩვენ ბრალდებულის პოზიციიდან ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა ამ ეტაპზე ის თავს დამნაშავედ არ სცნობს, რაც მისი უფლებაა. ასევე, მისი უფლებაა, რომ პოზიცია ნებისმიერ ეტაპზე შეიცვალოს,“ - ამბობს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი.
შეგახსნებთ - ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 21 მაისს, სსკ-ის 126¹-ე მუხლით დააკავეს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.
დაკავების დღესვე ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოიცა (სულ 6 ორდერი), რაც მხარეებმა გაასაჩივრეს. 8 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის ოჯახს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ორდერებს მოქმედების ვადა 21 ივნისს ამოეწურა.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის საქმე ორეპიზოდიანია . კერძოდ, ერთი ეპიზოდი ფიზიკურ ძალადობას ეხება, მეორე კი - ქონებრივ დავას.
ფიზიკური ძალადობის ნაწილში ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის ინტერსებს ადვოკატი თამარ გაბოძე იცავს, რომელიც არ აკონკრეტებს ნელი დოროყაშვილზე ოჯახში ძალადობა როდის დაიწყო, თუმცა ამბობს, რომ ძალადობა ერთჯერადი არ ყოფილა და მას ხანგრძილივი ხასიათი ჰქონდა. 2020 წლის 24 მაისს, სასამართლომ ჩოგბურთელი წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები