ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ენგურში საქართველოს ოთხი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. ევროპარლამენტარმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს:
„ღრმად დამწუხრებული ვარ გალის რაიონის ოთხი მკვიდრის გარდაცვალების გამო, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობისას დაიხრჩვნენ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს.
ეს უკანასკნელი ტრაგედია, რომელიც გამოიწვია გადაადგილების თვითნებურად დაბრკოლებამ, ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც იტანს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მანამდე მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდა, აგრეთვე, გამოხატავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას ოკუპირებულ რეგიონებში. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ - მოლაპარაკებებისა და დიპლომატის გზით.
რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. მან, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმების თანახმად,“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 7 აპრილს მდინარე ენგურში საქართველოს ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვნეს. ისინი სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რადგან პენსიის აღება და სასურსათო პროდუქტის შეძენა სურდათ, ენგურის ხიდის გავლით კი იძულებულები გახდებოდნენ ხუთდღიან კარანტინში ყოფილიყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები






