იმერეთის პოლიციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტეტქივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ღ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობა ედება.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს - 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ღ.მ., მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს",- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები