დედა სოსანას მიმართ უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე პოლიციაში საჩივარი შეიტანეს - საჩივრის ავტორი, ქალთა მოძრაობის წევრი ცაბუნია ვართაგავა, მარტვილის პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოიკითხა.
მისივე თქმით, მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის ყოფილ წინამძღვარს დედა სოსანასა და მორჩილ ნინოს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება, მონასტერში შევიდნენ და საკუთარი პირადი ნივთები გამოიტანონ.
"მას შემდეგ, რაც ეპარქიამ მტკიცე უარი განაცხადა დედა სოსანასთვის პირადი ნივთების გადაცემაზე, ეს ყველაფერი მივიჩნიე სამართალდარღვევად, რის გამოც დავრეკე 112-ში, დავაფიქსირე ზარი, რომ ხდებოდა ასეთი დარღვევა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია მოვიდა ადგილზე და გადავედით პოლიციის შენობაში, სადაც შედგა გამოკითხვის ოქმი, რომელშიც კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ კანონდარღვევას - ადამიანს არ ატანდნენ თავის პირად ნივთებს," - განაცხადა ცაბუნია ვართაგავამ.
სასულიერო პირები კი, მათ შორის დედა სოსანა იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ საქმეს მიეცემა მსვლელობა და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.
"მე ორჯერ ვცადე, რომ რაღაც კონსენსუსამდე მივსულიყავით და ეს ჩემი პირადი ნივთები გამომეტანა, მაქვს იმედი, რომ რადგანაც ეკლესიაში არ არის სამართალი და ყველანაირ დოგმატებს და სამართლებრივ წესებს არღვევენ, მაქვს იმედი, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდება კანონების დაცვა," - განაცხადა დედა სოსანამ (ბოლქვაძე).
მასალის გამოყენების პირობები