სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება N6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ ნ.ტ.-ს ოჯახის წევრების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის მიმართ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას და გაუპატიურების მუქარას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ხშირად არღვევს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესს, გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით დაწესებულების თანამშრომლების მიმართ, ხოლო როდესაც ამ მიზეზით ეკისრება დისციპლინური სახდელი, დაწესებულების ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს.
ინფორმაციისთვის, მსჯავრდებული ნ.ტ. (დაბ.1996 წ.) სასჯელს იხდის 2019 წლის მაისიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 (I) 1, 177 II ა.ბ.; 177 III ა მუხლებით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის მიზეზით 2020 წელს მას აეკრძალა ორი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო 2021 წელს 26 იანვარს 2 თვის ვადით აეკრძალა სატელეფონო საუბრის უფლება.
მასალის გამოყენების პირობები