ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე საქართველოს ორმა მოქალაქემ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები შემოიტანა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფი-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 701,67 გრამი ოქროსა და 26,54 გრამი ვერცხლის ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 76 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები