"ბათუმელებს შევარდნაძის დრო გაახსენდათ და სააკაშვილის დაბრუნებას ნატრობენ", - ამ სათაურით სტატიას გაზეთი "აჭარა P.S." აქვეყნებს.
როგორც სტატიის ავტორი ამბობს, ბათუმში მოსულმა 15 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლმა ქალაქში ბევრი პრობლემა შექმნა და ზამთრის პირველ გამოცდას ვერც აჭარის ,,ახალგაზრდა ხელისუფლებამ“ გაუძლო.
,,თითქმის ორი დღეა ამინდის ცვლილებასთან ერთად რეგიონი პრაქტიკულად პარალიზებულია. ბათუმი ორი დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, თოვლის გამო, რომლის საფარმა სულ რაღაც 15 სანტიმეტრს მიაღწია, ჩაიკეტა სანიაღვრე არხების ნაწილი და დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, შეფერხდა სააღმზრდელო დაწესებულებათა მუშაობა, მაღალმთიან აჭარაში 121 სკოლიდან მხოლოდ 8 სკოლამ შეძლო ფუნქციონირება, ქალაქის დიდ ნაწილს ასევე შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდებაც. დღეს დილითაც კი არ გაწმენდილა ბათუმის ცენტრალური არტერია – რუსთაველის ქუჩა, გუშინდელზე ხომ ზედმეტია საუბარი.
ქალაქში თოვლისგან პრაქტიკულად არც ერთი ქუჩა არ გაწმენდილა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ზამთრის შესახვედრად არც ერთი სამსახური მზად არ ყოფილა, ქალაქში თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე საცობებია შექმნილი, გაჩერდა სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა, პერიფერიებში მაღაზიებში პური არ იყიდებოდა, ბევრგან რიგებიც კი შევნიშნეთ.“- წერს ჟურნალისტი.
მისი თქმით, ბათუმელები ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობის გამო გულისწყრომას ვერ ფარავენ, ისინი შევარდნაძის მმართველობის პერიოდს იხსენებენ და სააკაშვილის დაბრუნებას ნატრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






