„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ „ტაბულას“ ჯგუფი უკრაინის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, „ტაბულას“ ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანი და ოპერატორი ილია ძალუაშვილი, უშიშროებისა და საემიგრაციო სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად, უკრაინის დატოვებას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ტაბულას ჟურნალისტ დიმიტრი ავალიანის და ოპერატორ ილია ძულიაშვილთან სასტუმროში მივიდნენ უკრაინის უშიშროებისა და საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლები და 24 საათის განმავლობაში უკრაინის დატოვება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დეპორტით დაემუქრნენ.
„როგორც ისინი სიტყვიერად ამბობდნენ, საფუძველი ტერიტორიის დატოვებისა, უნდა იყოს მათი მონაწილეობა მასობრივ არეულობებში. ეს არის აბსურდი. ხუთი დღეა, ჯგუფი იმყოფება მოვლენების გასაშუქებლად და არანაირ არეულობებში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ.მათ უთხრეს დოკუმენტის დადგენილების ნომერი, რომელსაც, ამ სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ხელს სამსახურის უფროსის მოადგილე აწერს. მათ გარკვეული ნუსხაც წარადგინეს ჟურნალისტებისა, რომლებმაც უნდა დატოვონ ტერიტორია.
იურიდიული ძალა მათ გაფრთხილებას არ აქვს და ჟურნალისტები ადგილზე რჩებიან უფრო თამამად, რადგან დეპორტაციის შემთხვევაში დოკუმენტს უნდა მოაწერონ ხელი, რომელიც უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს არ წაურდგენიათ.
უშიშროების წარმომადგენლებმა იკითხეს „რუსთავი2“ -ის ჟურნალისტებიც, თუმცა, დიმიტრი ავალიანს მათ შესახებ ინფორმაცია არ გაუცია. დიმიტრი ავალიანმა უთხრა, რომ არ იცის სად არიან „რუსთავი2“ -ის ჟურნალისტები და არც მათი ტელეფონი იცის“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, ჯგუფი ხუთშაბათამდე აპირებს დარჩენას და ორივე მათგანი იმ განწყობაზეა, რომ განაგრძონ მუშაობა. ამასთან, როგორც ჩერგოლეიშვილი აცხადებს, ეს ფაქტი შესაძლოა უკავშირდებოდეს ჟურნალისტების მასობრივ გაყრას უკრაინის ტერიტორიიდან:
„შესაძლოა, ერთგვარ პანიკაში არიან და ყველა იქ მყოფ ჟურნალისტს მოსთხოვონ ტერიტორიის დატოვება, თუმცა, ეს სისულელე იქნება, რადგან თითოეული ადამიანიც კი დღეს ჟურნალისტია“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






