ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც სახელმწიფო ქონების მითვისებაშია ბრალდებული, ხოლო მის მფლობელობაში არსებული კომპანიები დაყადაღებულია, ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაზე საუბრობს და იმ აუცილებელ პირობებს განმარტავს, რომელთა შესრულებაც აღნიშნული დაბრკოლებების გადასალახად არის საჭირო:
„მე ჯერ კიდევ 10 თვის წინ ვპროგნოზირებდი საბიუჯეტო კრიზისს. ბიზნესი უნდა უსმენდეს კანონს და სახელმწიფო უნდა უსმენდეს ბიზნესს და ეხმარებოდეს იმ პრობლემების აღმოფხვრაში რაც არსებობს. მთავარია ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ რატომ გვაქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ეს იმიტომ ხდება, რომ იმპორტი მეტია, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ წარმოება არ ფუნქციონირებს ადგილზე.
საქართველოში არსებობს ნედლეული, რომლითაც შეიძლება შეიქმნას წარმოება. სანამ ამით არ დაკავდება ხელისუფლება და მიზეზის გასაღებს არ იპოვის, მანამდე ჩვენ როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა?“, - აღნიშნავს ჩოჩელი.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ბიზნესი წარმოებით არ ინტერესდება და მათი ორიენტირი სწრაფი მოგებაა, წლებზე გათვლილი მოგება კი მათთვის, გარკვეული მიზეზების გამო ინტერესის საგანს არ წარმოადგენს:
„ბიზნესმენები არ ინტერესდებიან წარმოებით, ურჩევნიათ გააკეთონ ისეთი ობიექტი, სადაც ფულის ბრუნვა სწრაფია და ამონაგები შეიძლება ორი თვის შემდეგ უკვე მიიღონ. „ზედაზენის“ ქარხანაზე რომ ვისაუბროთ, 80 მილიონია ქარხანაში ჩადებული, 5 წელი აქედან არავითარი მოგება არ შეიძლება იყოს, სახელმწიფო კი ამ წლების განმავლობაში მიიღებს 200 მილიონს, ასეთი კომპანიები უკეთესი არ არის?
სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების განვითარება. ქვეყანაში უამრავი ნედლეული გვაქვს, აქ წარმოებული პროდუქცია სავაჭრო ბალანსში ორმაგად აისახება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას ვთავაზობდი სხვადასხვა პროექტებს და უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესებას. ახალი ხელისუფლებაც რომ დაინტერესდეს წარმოების განვითარებით, 5-6 წელიწადში ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით 500-600 მილიონი დოლარის ექვივალენტი მოვიგოთ. ამ ყოველივეს უბრალოდ მონდომება და გარისკვა სჭირდება.
სანამ ჩვენ არ მივალთ იქამდე, რომ ბიზნესი დავაინტერესოთ, წარმოება გააკეთოს, მანამდე ის ბიზნესმენი არჩევანს გააკეთებს იმაზე, რომ პროდუქცია შემოიტანოს უცხოეთიდან. ასე კი ქვეყანა არ განვითარდება. თუ ხელისუფლების მენტალობაში პრინციპული ცვლილება არ მოხდა, მანამდე არაფერი არ გამოვა“, - განმარტავს ბიზნესმენი.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ხსნა ევროპა და ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობაა. ჩოჩელი თვლის, რომ ევროპაში შესაბამისი პროდუქცია თავის დროზე რომ გასულიყო, ქვეყნის ეკონომიკური სიტუაცია გაცილებით უკეთესი იქნებოდა:
„ერთ-ერთი ჩვენი ხსნა არის ევროპა. დღეს როდესაც რუსეთის ბაზარზეა საუბარი, ანალოგიური პროდუქცია თავის დროზე რომ გაგვეტანა ევროპაში, უკეთესად ვიქნებოდით წარმოდგენილნი. თუ ამ მიმართულებით იმუშავებენ ქართული კომპანიები, მიაღწევენ კიდეც წარმატებას. ჩვენ შეგვიძლია იმაზე მეტის გაკეთება ვიდრე სხვებს. გვაქვს ყოველგვარი პირობა იმისთვის, რომ შევქმნათ მაღალხარისხიანი პროდუქცია, რომელსაც მთელ მსოფლიოს მივაწვდით. თუ ჩვენ საკუთარი თავის განვითარებაზე არ ვიმუშავებთ ვერაფერს ვერ მივაღწევთ, ამისთვის კი ხელისუფლების სწორი მიდგომაა ბიზნესისსადმი საჭირო. სახელმწიფოს პრიორიტეტბში უნდა შევიყვანოთ ისეთი წარმოებები, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულზე იმუშავებს და სახელწიფოს ფაქტობრივად 100 პროცენტიან მოგებას მოუტანს. სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომის შემთხვევაში მაქსიმუმ 2-3 წელიწადში წარმოების წარმატებაა შესაძლებელი. წარმატებულ წარმოებას, წლის განმავლობაში ბიუჯეტში მინიმუმ 10 მილიონი ლარი მაინც უნდა შექონდეს.
აღსანიშნავია, რომ უცხოელი ინვესტორები და შემომტანები უფრო კარგ პირობებში არიან, ვიდრე ადგილობრივი ბიზნესი. ხელისუფლებამ რეალურად უნდა შეაფასოს სიტუაცია.
ქვეყანას უკეთდება რეკლამა, რომ ბიზნესის აწყობა მარტივია, ეს ხალხიც მოდის და სიტუაციას აფასებენ ადგილზე, ნელ-ნელა კი უცხოური ბიზნესი ინერტული ხდება. მე მეეჭვება, თუ ადგილობრივი მეწარმეები შესაბამის პირობებში არ იქნებიან, უცხოელმა ინვესტორებმა რაიმე მასშტაბური ბიზნესი წამოიწყონ“, - აღნიშნავს ჩოჩელი.
ბიზნესმენი „ნიუპოსტთან“ საუბრისას ასევე ხაზს უსვამს იმ პრობლემას, რომელსაც ქვეყნის დატოვების შეზღუდვა წარმოადგენს. მის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო, სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობისთვის აუცილებელ შეხვედრებზე დასწრებას საზღვარგარეთ ცეზარ ჩოჩელი ვერ ახერხებს:
„ამ ბოლო დროს ჩვენი გერმანელი პარტნიორები იყვნენ ჩამოსულები, ნოემბრიდან დღემდე 11 მილიონის სასაქონლო კრედიტი მოგვცეს. ახლა ვიყავი მიწვეული მათთან კონფერენციაზე და ვერ წავედი. გერმანელები გვენდნენ ამ პირობებში, როცა დაყადაღებული ვართ, ჩვენები კი არ გვენდობიან.
მე მთავრობამ ქვეყნიდან გასვლის უფლება ერთხელ მომცა მხოლოდ. იმის შემდეგ მქონდა რამდენიმეჯერ სურვილი მაგრამ არ გამიშვეს. დასამალი რომ მქონოდა რაიმე, გასულ წელსაც კარგად ვიცოდი რა მოხდებოდა, არცერთი კომპანიის არცერთი წილი არ გადაგვიფორმებია, შეგნებულად არ გავაკეთეთ იმიტომ, რომ დამატებითი კითხვები არ გაჩენილიყო. ამ ყველაფერს ქვეყნისთვის ვაკეთებდით. სად უნდა გავიქცე? თუ ვიჩაგრები აქვე ვიტყვი დღეს, თუ არასწორად მექცევიან იმასაც ვიტყვი, მაგრამ არასდროს გავაკეთებ იმას, რომ მომავალში ვისაუბრო დაიჩაგრა ჩვენი ჯგუფი-მეთქი, ეს არ არის სწორი“, - აღნიშნავს ჩოჩელი.
იგი მიიჩნევს, რომ მის სიტუაციაში მყოფ ადამიანს, ორი ვარიანტი აქვს, ან არ უნდა ისაუბროს იმ მიზეზებზე თუ რატომ შეექმნა პრობლემები ან საკუთარი პრინციპები დაიცვას. ბიზნესმენი ხაზს უსვამს, რომ სწორედ საკუთარი პრინციპების დაცვის გამო, განსაკუთრებულ პატივს დავით მირცხულავასა და სულხან მოლაშვილს სცემს:
„მე ორ ადამიანს ვისაც ყველაზე დიდ პატივს ვცემ არის მირცხულავა და სულხან მოლაშვილი. მთელი მსოფლიო მაგათ პირობებზე ლაპარაკობდა, რაც ციხეში ჰქონდათ შექმნილი. თუ „იწერ“ რაღაცას, მერე მაგაზე აღარ უნდა ილაპარაკო, ან უნდა დადგე და შენი პრინციპები დაიცვა.
დღეს როცა ვსაუბრობთ, რომ თურმე გარეწარი იყო წინა ხელისუფლება, ეს ჩვენ არ ვიყავით ის ხალხი რომელმაც მოიყვანა ისინი? ანალოგიური 93 პროცენტით გამსახურდია მოვიყვანეთ და შემდეგ ქვებს ვესროდით, ახლა კი იმაზე ვართ დაბოღმილები, რომ უკეთესად არ ვცხოვრობთ. ჯერ ჩვენ ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კითხვა რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკეთესად გვეცხოვრა. ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდებულები იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად ვაშენოთ, მარტო პოლიტიკა ვერ ააშენებს ქვეყანას, ქვეყანა საზოგადოებამ უნდა ააშენოს. ასე არ გამოვა!
სანამ ჩვენ თვითონ არ გავაანალიზებთ რა გვინდა და საით უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა, მანამდე არაფერი არ გვეშველება, რა მენტალობაც გვქონდა მე-15 - მე-17 საუკუნეში იგივე მენტალობაა ახლაც, უნდა შევცვალოთ ჩვენში რაღაც.
მოყოლებული 90-იანი წლებიდან დაკავებული ვართ იმით, რომ ჩამოვანგრიოთ და ჩამოვშალოთ ჩვენი ქვეყანა. დღესაც თუ რამე მოხდება ისევ საზოგადოების ბრალი იქნება, არ შეიძლება ერთ ადამიანზე და პიროვნებაზე გადატყდეს ჯოხი. ზუსტად მაგაში ვართ ბნელები, რომ ამოვიჩემებთ ვიღაცას და ყველა ერთად ტაშს ვუკრავთ, მოგვიანებით კი აღმოვაჩენთ, რომ შევცდით, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ადამიანები ფიქრობენ, როდის მოვა ხელისუფალი, რომ უკეთესად იცხოვროს, უკეთესად კი თავისი შრომის ხარჯზე უნდა იცხოვროს. კომუნიზმის მირაჟებს ვეძებთ, ეგ არის ჩვენი უბედურება, ძველ დროში ვართ ჩარჩენილი.
როცა ქვეყანამ ქარხნები გაყიდა 20 ათასად, ზუსტად მაშინ მდინარის პირას, რიყეზე მიწა მაყიდინეს 30 ათას დოლარად, სულ მეშინოდა მდინარეს არ წაეღო ეს მიწა. არც მაშინ იყო ბიზნესისადმი მიდგომა სწორი და არც ახლა არ არის. ჩვენ, ქართველებს, გვსურს ნაკლები შრომის ფასად დიდი მოგება მივიღოთ“, - აღნიშნავს ცეზარ ჩოჩელი.
მისივე თქმით, საქართველო მომხმარებელი ქვეყანაა, მაგრამ აქვს ყოველგვარი პირობა და საშუალება იმისათვის, რომ მწარმოებელ ქვეყნად იქცეს. შედეგად კი მოაგვაროს ყველა ის პრობლემა, რაც ეკონომიკას წლების განმავლობაში აქვს შექმნილი:
„ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა, უნდა გავხდეთ მწარმოებელი ქვეყანა. უნდა ვიამაყოთ ჩვენი წარმოებით. უნდა შევძლოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი პროდუქცია მივაწოდოთ, თუ მთელ მსოფლიოს ვერა, მეზობელ და ახლომდებარე ქვეყნებს მაინც. მთლიანობაში, ჩვენ როცა გვგონია, რომ რთულია ეკონომიკის განვითარება, ასე არ არის, მთავარია სურვილი და სახელმწიფოს ნება. წარმოება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულად განვითარებადია საქართველოში.
არავინ არ ფიქრობს ამაზე, ვანგრევთ იმას, რასაც წლები სჭირდება ასაწყობად.
2003 წელს ისე გამოვიდა, რომ კონკურენტები ვიყავით მე და „ნაციონალური მოძრაობა“, რეალურად ყველაზე დიდი მტერი ვიყავი იმ ადამიანების, ვინც დღეს ლაპარაკობს ჩემზე, რომ დღეს მე ვარ მტერი, ამ ადამიანებისთვის 2003 წელს მოდიოდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ვიყავი მტერი, მოვიდნენ შემდეგ „ოცნებასთან“ ერთად და ვარ მტერი“, - განმარტავს ჩოჩელი.
ბიზნესმენი ხაზს უსვამს გავრცელებულ ხმებს მისი ბიზნესისი მფარველობის შესახებ:
„მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ვიღაც გმფარველობთო. 1994 წელს დაიწყო ეს ყველაფერი. ერთხელ მოხდა ისე, 1999 წელს, რომ ჩავიქნიე ხელი, მაგრამ აეროპორტიდან მოვბრუნდი, სად უნდა წავსულიყავი?! დავიწყე ისევ მუშაობა და ვთქვი, რომ ყველას უნდა დავაჯერო, რომ ჩვენი ჯგუფი წარმატებულია.
2008 წლის თებერვალში დავინიშნე გუბერნატორად, მე, ჩემს ძმას და ჩვენს საერთო მეგობარს 60 მილიონი გვქონდა, მაგ პერიოდში ნახევარ თბილისს ვიყიდდი, რა უნდა გამეკეთებინა? წავსულიყავი უცხოეთში და თბილად მეცხოვრა თუ უნდა გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე? რომელია სწორი? ამაზე გამცეს ვინმემ პასუხი, როცა მფარველობაზე საუბრობენ!“, - აღნიშნავს ჩოჩელი.
ცეზარ ჩოჩელი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იგი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს. აღნიშნავს, რომ მისმა გუნდმა უამრავ კარგ პროექტს შეასხა ხორცი და უკეთესი პროექტები უახლოეს მომავალში იქცევა რეალობად:
„ის რაც ჩვენ გაკეთებული გვაქვს ქვეყნისთვის, ნებისმიერ უცხოელ კომპანიას რომ გაეკეთებინა ოქროს ასოებით ჩაწერდნენ ისტორიაში. ჩვენ ნაკლები გვაქვს გაკეთებული ეკონომიკისთვის?
ისტორია თავისას იტყვის, ადამიანი იბადება შიშველი და მიდის შიშველი, თან არავის არაფერი არ მიაქვს, აქ რჩება სახელი. ის რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ და რასაც ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ აუცილებლად დარჩება ისტორიაში, ყველაზე წარმატებულების შექმნა ჯერ არ დამიწყია და დავიწყებ აუცილებლად.
რომ გამაგდონ აქედან არ წავალ, იმას არავის არ ვათქმევინებ, რომ მე გავიქეცი,. არავის არ გავექცევი და არავის არ დავემალები, მე ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ვიბრძოლებ და ვიპოვი აუცილებლად ამ სიმართლეს, ასე ვპოულობდი მთელი 20 წელის მანძილზე“, - აცხადებს ბიზნესმენი.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






