საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა, ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ნონა გაფრინდაშვილს ქვეყნის წინაშე დამსახურებებისთვის „საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის მანდილოსნის“ ტიტული უბოძა.
ამის შესახებ სამეფო სახლის „ფეისბუქის“ გვერდზე ვკითხულობთ:
„2013 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ქვეყნის წინაშე მრავალგზის დამსახურებებისა და ღვაწლის დაფასების მიზნით, საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიანიჭა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და მსოფლიოში პირველ დიდ მაგისტრ ქალბატონს ჭადრაკში, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს.
ინვესტიტურის ცერემონიალი ჩატარდა დარეჯანის სასახლეში, რომელსაც უძღვებოდა სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარი და მისი მემკვიდრე ბატონიშვილი ანა ნუგზარის ასული.
ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის მეუღლე, სამეფო უმაღლესობა ლეილა ყიფიანი და საქართველოს თავადაზნაურთა წარმომადგენლები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






