ხმაური იყო დღეს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან. დაზარალებულმა იპოთეკარებმა მორიგი აქცია გამართეს და პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურდათ, თუმცა მათ დაცვის თანამშრომლებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. აქციაზე ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
აქციის მონაწილე ლელა ხურციძე აცხადებს, რომ დაზარალებული იპოთეკარები ხელისუფლებისგან ფინანსურ დახმარებას მოითხოვენ:
„ხადურის სამინისტრომ, რომ მსოფლიო ბანკისგან ორასი მილიონი დოლარი ისესხა და განაცხადა, რომ დაბალბიუჯეტიან სესხს პრობლემის გარეშე გავცემთო, პროგრამაში ჩვენ იპოთეკარები არ ვართ მოხსენიებული. ჩვენ ავირჩიეთ ეს ხელისუფლება, ამათი მოსვლისთვის წლებია ვიბრძოდით. დღეს კი ადამიანებად არ მივაჩნივართ და შენობიდან გამოსვლას არ კადრულობენ, ძვირადღირებული ავტომობილებით დადიან და ქართველი ხალხი უცხოელებად მივაჩნივართ.
გამოდით გარეთ, დაგველაპარაკეთ და გვითხარით, რას გვიპირებთ ასობით გაღატაკებულ იპოთეკარებს. გამოდით კაბინეტებიდან, თორემ ხალხი ისე ვართ გამწარებული მალე ჩვენ შემოვიჭრებით თქვენს კაბინეტებში“,-ამბობს ლელა ხურციძე.
აღნიშნულ აქციაზე პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია იმყოფებოდა და იპოთეკარებს მხარდაჭერა გამოუცხადა:
„სახელმწიფოს აქვს გამოსავალი, რომ ეს ადამიანები, რომლებიც იპოთეკით დაზარალებულად ითვლებიან, იხსნას იმ განსაცდელისგან რომელშიც ისინი დღეს იმყოფებიან.
ვალდებულიც არის ხელისუფლება იმიტომ, რომ ჩვენ ყველას გვახსოვს ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ იპოთეკით დაზარალებულებს დახმარებას ჰპირდებოდა.
მაგრამ რატომღაც ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მხოლოდ პირველ რიგში ის ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რაც მათ პირად კეთილდღეობას ეხება,“-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ნოდარ ჯოჯუა, „ნიუპოსტი“, ქუთაისი
მასალის გამოყენების პირობები






