ქობულეთში, მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ვიტალი ქარცივაძე დააკავეს. ოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა გუშინ ღამით ჩაატარა.
დაკავებული, ქობულეთის საკრებულოს წევრიცაა, სოფელ ქაქუთის მაჟორიტარ დეპუტატად.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქრთამის აღებაში დახმარების გამო კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული.
"გამოძიებით დგინდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაჰპირდა რომ თავისი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქობულეთში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე გასცემდა საკუთრების მოწმობას და დაურეგისტრირებდა საკუთრებაში, რაშიც ნათესავის შუამავლობით ქრთამის სახით მოითხოვა 10 000 აშშ დოლარის გადაცემა, საიდანაც წინასწარ გამოართვა 2000 აშშ დოლარი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები