გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი, მკვლელობაში მსჯავრდებული პირების ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ პროტესტს ეხმიანება. პროკურორის თქმით, ისინი “გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილზე არ ფიქრობენ, რომელსაც მისი ოჯახი ვეღარასდროს დაიბრუნებს”. ყაზარაშვილის განცხადებით, “შაქარაშვილს სიცოცხლე მსჯავრდებულებმა მოუსპეს და ისევ მათი ოჯახის წევრები ქუჩაში გამოდიან და ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ თურმე, უპატრონოდ დარჩნენ”.
“მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისთვის ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ წინა პროცესზე 16-16 წელი განუსაზღვრა სრულწლოვან მონაწილეებს.
რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, სასამართლომ ორივე მსჯავრდებულს 10 წელი და 6 თვე განუსაზღვრა, მაქსიმალური სასჯელი, რაც სასამართლოს შეეძლო განესაზღვრა, 12 წელი იყო, თუმცა, მაქსიმალურთან მიახლოებული განუსაზღვრა. რა თქმა უნდა, განაჩენიც კანონიერი და სამართლიანია.
საინტერესოა ასევე, მსჯავრდებულების მხარის გამოსვლა როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე ქუჩაში, სადაც ვნახეთ დემონსტრაცია პლაკატები და ა.შ. სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი, პატარა ბიჭი აღარ არის ამ ქვეყანაზე, მას სიცოცხლე მოუსპეს მსჯავრდებულებმა და ისევ მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და მათი საახლობლო წრე ქუჩაში გამოდის, ისინი გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თურმე, უპატრონოდ დარჩნენ. ისინი არ ფიქრობენ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილზე, რომელიც ამ ქვეყანაზე აღარ არის და ვერასდროს დაიბრუნებს მისი დედა და ოჯახი მას. ყველა ის განცხადება, რომელიც მსჯავრდებულების ახლობლებიდან გაკეთდა, არის უსიამოვნო ფაქტი”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები