TV პირველი სასამართლოს განჩინებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს. როგორც გიორგი მშვენიერაძემ ტელეკომპანიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, თუკი ქვეყნის შიგნით არ იქნება საკმარისი, განიხილავენ იმ შესაძლებლობასაც, რომ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.
"დღეს დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური განჩინება, რომელიც გუშინ საღამოთი ჩაბარდა ტელეკომპანია პირველს გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან სანამ არსებობს ეს განჩინება და ის არის ძალაში, მანამდე აქვთ შესაძლებლობა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იძულებით განახორციელონ ამოღება იმ ნივთის, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, მაინც არ აპირებს ტელევიზია ამის გადაცემას საგამოძიებო უწყებებისთვის", - აცხადებს იურისტი.
მისი თქმით, სასამართლოს განჩინებაში მოთხოვნილია არა აუდიოფაილია, არამედ სწორედ ის მოწყობილობა, რომელზეც შეიძლება ჩაწერილი ყოფილიყო ფაილი.
მშვენიერაძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურას აინტერესებს წყარო.
"განჩინება კარგად წარმოაჩენს სულისკვეთებას გამოძიების, რომელსაც არ აინტერესებს თავად ჩანაწერის შინაარსი, ამ განჩინებაში არ არის მოთხოვნილი აუდიოფაილი, არამედ მიზანმიმართულად ითხოვენ სწორედ იმ მოწყობილობას, რომელზეც შესაძლებელია ჩაწერილი ყოფილიყო ფაილი, ანუ მათ სწორედ აინტერესებთ ფაილის წარმომავლობა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოებით დაცული წყარო", განაცხადა იურისტმა.
მისივე თქმით, ტელევიზია აცხადებს მზადყოფნას, გადასცეს პროკურატურას აუდიოფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ მისი განცხადებით, ტელევიზიაში არ არსებობს ის მტკიცებულება, რომლის ამოღებაზეც განჩინებაში წერია და რომც არსებობდეს, ტელეკომპანია მის გადაცემაზე მაინც უარს აცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






