ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის წევრი, დავით გოგოხია მიმდინარე წლის 7 ივლისს მისი დაკავების დეტალებს იხსენებს. გოგოხია აცხადებს, რომ მისი და მისი მეგობრების დამნაშავეებად ცნობა, პირადად საქართველოს იმდროინდელი შინაგა საქმეთა მინისტრისა და ახლა უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესებში შედიოდა.
„როგორც ყველასთვის ცნობილია, 7 ივლისს, მე და ჩემი მეგობრები, ლაშა რუხაია და ირაკლი ჩხვირკია დაგვაკავა პოლიციამ, იმ დროს როდესაც „თავისუფალი ზონის“ წევრები ვაპროტესტებდით ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და რესტორანში დროს ტარებას. სწორედ იმ დეპუტატის , რომელმაც იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ აფხაზეთის ომში, 2008 წელს კი ხმა მისცა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას.
ჩვენ დამნაშავედ გვცნო პირადად ღარიბაშვილმა, რომელიც ჩვენს ციხეში ჩასმას მოითხოვდა. თითოეულ ჩვენთაგანს სასამართლოს მეშვეობით, ჯარიმის სახით დაგვაკისრეს 400 ლარი. ჩვენ პრინციპულად არ გადავიხადეთ და არ გადავიხდით დაკისრებულ ჯარიმას, რადგან ვთვლით, რომ არაფერი დაგვიშავებია. ჩვენ საქართველოს სიყვარულში არასდროს არ გადავიხდით ფულს.
მე დამიბლოკეს ყველა საბანკო ანგარიში. როდესაც მოვინდომე უკრაინაში წასვლა, რათა მხარი დამეჭირა მოძმე უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანისთვის, გაირკვა, რომ არ მქონდა საქართველოს დატოვების უფლება. ყველაზე სასაცილო კიდევ ის არის, რომ დევნილების შემწეობასაც კი ვეღარ ავიღებ, ასე განმიცხადეს ბანკში მისულს . ელემენტარულად, ბანკის მეშვეობით, ჩემს მეგობარს ვერ გავუგზავნე თანხა უფლება არ მომცეს.
ჩემთვის ამ თანხების შეჩერებით ვერაფერს მავნებთ. ფულს ბევრჯერ ვიღებთ და ვკარგავთ ადამიანები, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს ერთხელ შევიგრძნობთ და მას არასდროს დავკარგავ, თქვენგან განსხვავებით, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს ვეღარასოდეს მოიპოვებთ. ჩემს ურყევ იდეას, რომელსაც საქართველოს დეოუკუპაცია, თავისუფლება, გაერთიანება და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება ჰქვია, ვერასდროს დაბლოკავთ, ვერ შეაჩერებთ.
მინდა „მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს“ და ამ უსირცხვილო განაჩენის გამომტანს, რომ თქვენი ასეთი ბინძური საქციელით უფრო გამაძლიერეთ. დაიმახსოვრეთ, ჩემს პრინციპებს არასდროს გადავუხვევ, რადგან მე ბოლომდე ვიბრძოლებ საქართველოს კეთილდღეობისთვის. ყოველთვის შევეწინააღმდეგები ოკუპანტებს და იმ კოლაბორაციონიზმით გაჟღენთილ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნების მთავრობა“ აწარმოებს დამპყრობელი რუსეთის მიმართ. “თავისუფალი ზონა” და თითოეული მისი წევრი თუ მხარდამჭერი არასდროს დავთმობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აცხადებს დავით გოგოხია.
მასალის გამოყენების პირობები






