ბაქოში 2-5 დეკემბერს BakuTel 2013, კავკასიის რეგიონში უდიდესი ტელეკომუკიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ბაქო ექსპო ცენტრში გაიმართა და მასში მონაწილეობდა 300 კომპანია მსოფლიოს 28 ქვეყნიდან. BakuTel 2013 აზერბაიჯანის ტელეკომუკიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა, ალი აბასოვმა, გახსნა. გამოფენის გახსნას დაესწრო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ინოვაციური პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც აზერბაიჯანსა და მთელს კასპიის რეგიონში ხორციელდება. BakuTel 2013-ზე ავღანეთის, იტალიისა და ამერიკის დებიუტი შედგა, რომლებმაც ეროვნული სტენდები წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ BakuTel 2013-ს საქართველოდან ერთადერთი წარმომადგენელი - MyVideo ესწრებოდა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო MyVideo.Az-ის სტენდი, რომელიც ყველაზე პოპულარული ქართული ვიდეო პორტალის MyVideo.Ge-ს ანალოგია.

გამოფნაზე მოხდა ახალი პროდუქტის პრეზენტაცია - აზერბაიჯანელი მომხმარებლებისათვის შეიქმნა ანდროიდის აპლიკაცია TV box-ებისათვის, რაც ამ პლატფორმის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას myvideo.az-ზე შეთავაზებული სერვისებით ისარგებლონ არა მხოლოდ კომპიუტერის საშუალებით, არამედ ტელევიზორებითაც.
გარდა ინოვაციებისა, BakuTel 2013-ის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია კიბერ-უსაფრთხოებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. ბიზნეს-პროგრამის ფარგლებში, გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ.
მასალის გამოყენების პირობები






